Thursday, April 5, 2012

მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია


სიტყვა “გელათი” უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას „ღენიჰი“ - ანუ „გენა“, რაც ნიშნავს შობას. აქედან გადმოვიდა ქართულში სახეცვლილებით - „გენეტოს“, შემდეგ კი იცვალა სახე ამგვარად - „გაენატოს“. და ვიცით, რომ დღეს ქუთათური მღვდელმთავარი ატარებს გაენათელის ტიტულს - ქუთათელ-გაენათელი. „გაენათი“ წამოსულია „გენა“-დან და პირდაპირ უკავშირდება ღვთისმშობლის შობას.
დეკანოზი იოსებ გოგოლაძე
(თბილისის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის (ვაჟა-ფშაველას გამზ. № 53) წინამძღვარი)
გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის შესასვლელში, ანდერძის თანახმად („გალობანი სინანულისანი“) დასაფლავებულია მეფე დავით აღმამშენებელი.
აგრეთვე, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი.
1106 წელს, დავით აღმამშენებელმა დაარსა გელათის აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. დავით მეფემ აქ თავი მოუყარა საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მოღვაწეებს და მეცნიერებს, როგორიც იყო მაგალითად იოანე პეტრიწი. შემდეგ წლებში აკადემიაში მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.
გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

გელათის მონასტერი


გელათის მონასტერი - ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდ. წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს ქართული ხურორთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი. 
მონასტერი წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ ანსამბლს: მთავარი ტაძარი, რომელიც სამი წახნაგოვანი აბსიდიდან მნახველისკენაა მიმართული, მისგან აღმოსავლეთით შედარებით მცირე მოცულობის წმ.გიორგის გუმბათიანი ეკლესიაა. ხოლო დასავლეთით - წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა - თაღოვანი გასასვლელით ქვემო სართულზე. ოდნავ მოშორებით, წყაროს თავზე, აღმართულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძრისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა. 
გელათის მონასტერს საფუძველი XII საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. ამჟამად გელათის მონასტერი დაცულია სახელმწიფოს მიერ და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალს წარმოადგენს. 

Wednesday, April 4, 2012

არქიტექტურა


ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.

მოხატულობა




მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.

ლიტერატურა


  • ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955;
  • მისივე, გელათი (მეგზური), თბ., 1959;
  • Меписашвили П. С., Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
  • ციციშვილი ი., ლომინაძე ბ., მენაბდე ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 37, თბ., 1978

მემკვიდრეობა


გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (საყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე. წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები.

1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია.


ისტორია


XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.

საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.

XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მალექსანდრე V-მსოლომონ I-მასოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.

იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელიიოანე პეტრიწიარსენ ბულმაისიმისძეპეტრე გელათელიევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ Iზაქარია გაბაშვილი და სხვა